პირველი დღე
ჩემი მუშაობის პირველი წელი.
პირველი კლასი ,,ახალი შეგრძნებები და ახალი განცდები, ახალი გამოწვევები და ახალი სიტუაციები, ახალი პრობლემები და მათი გადაჭრის ძიება... მოკლედ ყველაფერი ახალი".
პირველი დღე მოგეხსენებათ სასკოლო გარემოს და ერთმანეთის გაცნობას ეთმობა პირველ კლასში. მეც ეს დღე გაცნობას დავუთმე.
მოსწავლეებთან ჩემი პირველი შეხვედრა მოხდა სკოლის ეზოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცოდნის ზეიმში. შემდეგ გავუძეხი საკლასო ოთახისკენ. მე და ჩემი მოსწავლეები კლასში შესვლისთანავე გავხდით მასპინძლები, რადგანაც შემოგვიერთდნენ მშობლები, ბებია-ბაბუები. ვიყავით ბედნიერები, რადგან ვხედავდით უამრავ ცნობისმოყვარე, მაგრამ ამავდროულად სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებს. მოსწავლეები ერთგვარად დაბნეულები, მაგრამ საინტერესო გარემოთი აღფრთოვანებულები, მიუსხდნენ მერხებს. ისინი თითქოს უცებ გაიზარდნენ, იმიტომ რომ სკოლაში იყვნენ, თითქოს გაძლიერდნენ, იმიტომ რომ წამებში შეიძინეს მეგობრები. ალბათ მათი ბედნიერების და სიხარულის საფუძველი ვიყავი მეც, ვინაიდან იგრძნეს, თუ რაოდენ დიდი მოლოდინი მქონდა, თუ ვინ იქნებოდნენ ჩემი მოსწავლეები. მე კი მათ განვუმარტე, რომ მათთან შეხვედრით მე გავხდი უზომოდ მოტივირებული, რომ ყოველი დღე იქნებოდა საქმიანი, შედეგის მომტანი. ისინი იშრომებდნენ და შეიძენდნენ ცოდნას, რომელიც მათ გახდიდა თავდაჯერებულს, მიზანდასახულს. თითოეული მოსწავლე დავსვი მერხთან, მერხები წრეზე იყო განლაგებული, ხოლო თავისუფალ სივრცეში მე ვმოძრაობდი. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,შეასრულეს სიმღერები.
წინასწარ მომზადებული მქონდა ფლიპჩარტი, რომელზედაც ხე ეხატა ფოთლების გარეშე, ხოლო გამოჭრილ ქაღალდებზე ბავშვების სურათები იყო მიწებებული. სახელს და გვარს ვკითხულობდი და თითოეული მოსწავლე თვითონ აკრავდა თავის სურათს. შევმოსეთ ,,მომავლის ხე". მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ.
ეს დღე იყო დაუვიწყარი, ემოციური და საწყისი... სწავლაში, შრომაში, თანამშრომლობაში და ცოდნის დაგროვებაში ერთად გასატარებელი ოთხი წლისა.
შედეგი: ამ შთამბეჭდავმა დღემ მათზე იქონია დადებითი გავლენა. გაითავისეს რომ სკოლაში მათ ელოდებიან, იზრუნებენ მათზე და ბევრზე ბევრი საინტერესო დღეები ელოდებათ. ლამაზი დღის დასასრულს გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.



